პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.
“მინისტრის მოადგილის თქმით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცვლილება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით არიან ჩარიცხულები. ამასთან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.
აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ მოიპოვონ სასწავლო გრანტი,”- ნათქვამია ინფორმაციაში.