თეა წულუკიანი: ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს
გუშინდელი სხდომა იყო მორიგი უმძიმესი, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე გლდანის ციხეში არსებობდა ასეთი „ინსტიტუტი“: „კაციჭამია ფლოსტები“. ეს იყო „ფლოსტები“, რომლებსაც პატიმარს აძლევდნენ ფეხზე ჩასაცმელად და ეს ფლოსტები იყო გაცილებით უფრო გამძლე, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – ეს ფლოსტები აგრძელებდა ცხოვრებას და ადამიანები კვდებოდნენ. კლავდნენ ციხეში ადამიანებს და ამ ფლოსტებს მერე გადაიბარებდა სხვა ცოცხალი პატიმარი, რომელიც ასევე მოკვდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სხდომაზე გამოცხადებულ არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დააზარალა, ტკივილი არ დავიწყებია. მისივე თქმით, როდესაც პატიმრების გამაუპატიურებელი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა.
„ამის მერე, ალბათ, ჩვენ აღარაფერზე უნდა ვმსჯელობდეთ საერთოდ აქ, მაგრამ, ამ სხდომების კვალდაკვალ, ვინც ამ დარბაზში შემოვიდა, დაზარალებულებსა და მსხვერპლებს ვგულისხმობ, მათ არც ერთი წუთით არ აქვთ დღესაც ის ტკივილი დავიწყებული და ისინი არ დაუშვებენ, ჩვენ, ამ თაობის „ქართულმა ოცნებამ“, ისე გადავულოცოთ ახალგაზრდა თაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს. და როცა მათ გვერდით დგები, ეს არ არის მართალი ბრძოლა. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, “კასტილით” და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ მართალი ხარ. ამიტომ, პირველი კრიტერიუმია, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ა.შ..“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.