თორნიკე ჭეიშვილი „საიაზე“: შესაძლოა საქმე გვქონდეს არაკვალიფიციურობასთან
„საქმე გვაქვს საზოგადოებაში მცდარი აღქმების გავრცელების, ტირაჟირების მცდელობასთან,“ – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს.
მისივე თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს არაკვალიფიციურობასთან.
„საქმე გვაქვს საზოგადოებაში მცდარი აღქმების გავრცელების, ტირაჟირების მცდელობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს ნორმას, რომელიც ამბობს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დგება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ქმედებისთვის, შესაბამისი დარღვევისთვის მისი ბუნებიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ორი გამოსავალია. ერთი, რომ უბრალოდ საქმე გვაქვს არაკვალიფიციურობასთან, ხოლო მეორე და ალბათ ეს კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა, საქმე შეიძლება გვქონდეს მიზანმიმართულ მცდელობასთან საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებისა და არასწორი აღქმების დანერგვისა და ტირაჟირებისა“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს.