ირაკლი რუხაძე: მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, დღეს რომ ასეთი მედიათავისუფლება გვაქვს

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანამ „იმედი“ არ დახურეს, რეალურად ფუნდამენტურად ცუდს ვერ გვიკეთებდნენ, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

„კი, შეიძლება ახალი ლიცენზია არ მოეცათ, ახალი ტენდერი ვერ მოგვეგო და ეს ცუდია, მაგრამ „იმედის“ დახურვამ გამოიწვია ის, რომ შეეძლოთ დაკითხვაზე ვეტარებინეთ, ჩემები დაეჭირათ, ეცემათ – ეს საშინელება ხდება, როცა თავისუფალი სიტყვა ქრება ქვეყანაში. იმის მერე სააკაშვილს მუტაცია ხომ არ განუცდია ერთ ღამეში? იგივე პირსისხლიანი სააკაშვილი იყო, სანამ „იმედი“ არსებობდა, რაც მერე იყო. მაგრამ „იმედის“ არსებობის დროს ვერ ახერხებდა იმას, რომ რაღაც ცუდი გაეკეთებინა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აბსოლუტურად მთავარი მიღწევაა, დღეს რომ გვაქვს ასეთი მედიათავისუფლება. ეს მედიათავისუფლება იქნება ბოლო დამცველი ბიზნესებისთვისაც, იმისთვისაც რომ რაღაც კანონი უაზროდ არ იყოს გამოყენებული. გამჭვირვალობის კანონზე როგორ გვაშინებდნენ, როგორ გამოიყენებდა მთავრობაო. მე სულ ვამბობდი, ელჩებთან შეხვედრები რომ იყო მედიის, რომ შანსი არ არის – სანამ ჩვენთან დამოუკიდებელი მედია არსებობს, არ არსებობს, რომ მოხდეს ამ კანონის გამოყენება. დაუსხდებოდნენ ელჩებს და ეუბნებოდნენ: „არჩევნებამდე ყველას დაგვხურავენ“.

ეს ჩემს მაგალითზეც ვიცი. როგორც კი „იმედი“ დაგვიხურეს, მეორე დღიდან ჩვენი ცხოვრება შეიცვალა – გვიჭერდნენ, გვცემდნენ, აქტივებს გვართმევდნენ და სულ სხვა რაღაცაში გადავედით, იმიტომ რომ უკვე გაშუქება არ შეიძლებოდა ამ რაღაცების. და ეს გაშუქება მათ აშინებდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ“, – განაცხადა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები