„მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო“ – ასი წლის ფრიდონ ხალვაში
ასი წელი შესრულდა ქართველი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის, დაბადებიდან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაიბადა 1925 წლის 17 მაისს, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში; დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი; ლექსების პირველი კრებული 1948 წელს გამოსცა; იყო აჭარის სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (1995 – 1999 წ. წ.); მიენიჭა რუსთაველის პრემია; დაკრძალულია ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში.
„ფრიდონ ხალვაშმა პირველივე ლექსებით დაიპყრო მკითხველთა გულები. ეს განაპირობა ფორმის სისადავემ, გულწრფელმა ინტონაციამ და განცდათა ბუნებრიობამ, რითაც პოეტი ქართული სულის ყველაზე მგრძნობიარე სიმებს შეეხო:
„მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამრთელო“…
„მეც მინდა, ვიყო შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი“ – უთხრა ახალგაზრდა კაცმა თბილისს და იმთავითვე იქცა არა მხოლოდ თბილისის, სრულიად საქართველოს პოეტად.
და ღრმად სიმბოლურია, რომ ყოველ 17 მაისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში იწყება სახალხო ზეიმი „ფრიდონობა“, რომელიც პოეტის მშობლიურ სოფელში გრძელდება და რომელშიც ყველა კუთხიდან ჩასული ქართველობა მონაწილეობს. და იქ არც პოეტია სტუმარი, არც თბილისი და არც საქართველო.
საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ფრიდონ ხალვაშის ღვაწლსა და ხსოვნას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.