აშშ და ჩინეთი სავაჭრო საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავენ
აშშ და ჩინეთი მიმდინარე კვირაში სავაჭრო საკითხებზე პირველ ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის ამ კვირის ბოლოს შვეიცარიაში გაემგზავრებიან, შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ტარიფებთან დაკავშირებული ჩიხის დეესკალაციას, რომელმაც ორივე მხარის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.
ეს იქნება ქვეყნებს შორის პირველი დადასტურებული სავაჭრო მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის 145%-იანი გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა, რასაც შემდეგ პეკინის მხრიდან 125%-იანი საპასუხო განაკვეთები მოჰყვა.
“მოლაპარაკებები დიდ სავაჭრო შეთანხმებაზე კი არა, დეესკალაციაზე იქნება ორიენტირებული. წინსვლამდე დეესკალაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენ არ გვინდა განცალკევება, ჩვენ სამართლიანი ვაჭრობა გვინდა“, – თქვა ბესენტმა.
ჩინეთის მტკიცებით, ქვეყანა აშშ-სთან თანამშრომლობაზე ამერიკული მხარის ზარებისა და ჩინეთის საკუთარი ინტერესების შეფასების შემდეგ დათანხმდა.
“ამერიკამ მოლაპარაკებებში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოს, არასწორი პრაქტიკა გამოასწოროს და ორივე მხარის შეშფოთება „თანაბარი კონსულტაციების“ გზით გადაჭრას,.
თუ აშშ ერთს იტყვის და მეორეს გააკეთებს, ან თუნდაც მოლაპარაკებების საფარქვეშ იძულებისა და შანტაჟის გაგრძელებას შეეცდება, ჩინეთი არასდროს დათანხმდება, მით უმეტეს, რომ შესწირავს თავის პრინციპულ პოზიციას, საერთაშორისო სამართლიანობასა და სამართლიანობას რაიმე შეთანხმების მისაღწევად”,- განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.