ვლადიმერ ბოჟაძე: ვადაგასულ პრეზიდენტს 26 მაისის აღნიშვნას არავინ ეკითხება, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ღირსეულად აღნიშნავს
,,ვადაგასულ პრეზიდენტს 26 მაისის აღნიშვნას არავინ ეკითხება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებია დაგეგმილი. ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, ქვეყნის თავისუფლება აღნიშნოს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სადაც მან აღნიშნა: „საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად“.
ბოჟაძის თქმით, ასეთი განცხადებების მიზანი ერთადერთია, კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და პოლარიზაცია.
„ყველას კარგად გვახსოვს, ოპოზიციამ თბილისელ ბავშვებს შობა-ახალი წელი როგორ წაართვა და რა მოხდა 9 აპრილს – ყველაფერი გააკეთეს, რათა ადამიანებს საშუალება არ ჰქონოდათ, 9 აპრილის გმირებისთვის პატივი მიეგოთ. ვინმეს რაიმეს აღნიშვნა თუ უნდა, ეს მისი ნებაა, მაგრამ საქართველო თავის დამოუკიდებლობას 26 მაისს ღირსეულად აღნიშნავს. ასეთი განცხადებების მიზანი ერთადერთია, კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და პოლარიზაცია. ეს ადამიანები უსამშობლოები არიან, რომელთათვის ძვირფასი და ღირებული არაფერია. 9 აპრილს არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისკენ, რომ ვინმე მემორიალთან არ მისულიყო, ეს სწორედ რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა“, – განაცხადა ბოჟაძემ.