კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ
„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს.
„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელილი იყოს ფეხქვეშ, როგორც ეს სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს.
კაია კალასი და მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები არიან უმცირესობაში, უმცირესობაში არიან რადიკალები, ვითომ პოლიტიკური პარტიები. ყველას მოუწევს, რომ ამ ყველაფერს შეეგუოს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება“ დემოკრატიულ საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.