პაპუაშვილი – ნურიდინ ისმოილოვთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წევრთა კონტაქტების მნიშვნელობაზე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე
“ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის (ქვედა პალატის) თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვს შევხვდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებას.
“განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.
დადებითად შევაფასე გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი და ნურიდინ ისმოილოვი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.
ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წევრთა კონტაქტების მნიშვნელობაზე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე. ხაზი გაესვა პარლამენტების აპარატებს შორის გამოცდილების გაზიარებასაც.
აგრეთვე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სექტორებში”, – წერს პაპუაშვილი.