ია მეტრეველი – ახალგაზრდებს: შვილებო, დაფიქრდით, ვის წისქვილზე ასხამთ წყალს, ისევ ისინი დაგიბრუნდებიან და თქვენ გაგიმეტებენ პირველ რიგში, არ გეგონოთ, რომ მაგათ რაიმე კარგი გაგიკეთონ – ეს იყო საშინელი, ბოროტი ძალა, რომელმაც არ გვაკმარა ამდენი ტრაგედია, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მამა დააკლეს

“ამ ბავშვების გასაგონად მინდა, ვთქვა, როგორც თქვენ გიყვართ, როგორც თქვენ გინდათ სიხარული, სიცოცხლე, ბედნიერება, სიყვარული, ასე უნდოდათ ამ ბავშვებსაც – ასე უნდოდა სანდროს, ასე უნდოდა ზურას და დანარჩენ იმ ბიჭებს, რომლებიც დღეს აღარ არიან და უკვე 40 წლის კაცები იქნებოდნენ”, – ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და მოუწოდა დაფიქრდნენ, თუ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. როგორც ია მეტრეველმა განაცხადა, წინა ხელისუფლება იყო ბოროტი ძალა, რომელმაც ჯერ ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლა, ხოლო შემდეგ, მის საფლავზე მამა – იური ვაზაგაშვილი ააფეთქა.

“შვილებო, დაფიქრდით რას აკეთებთ, ვის წისქვილზე ასხამთ წყალს. ხომ ისევ ისინი დაგიბრუნდებიან, ის ბოროტება და თქვენ გაგიმეტებენ პირველ რიგში. თქვენ აგიფარეს ფარად და რას გაკეთებინებენ, ვერ ხვდებით. თვითონ ყველანი ძალიან კარგად იქნებიან და პირველი თქვენ გაგწირავენ, არ გეგონოთ, რომ თქვენ მაგათ რაიმე კარგი გაგიკეთონ – ეს იცოდეთ. ეს იყო საშინელი, ბოროტი ძალა, რომელმაც არ გვაკმარეს ამდენი ტრაგედია, ზურას საფლავზე მამა დააკლეს, ამის ჩამდენები არიან ესენი. ასეთი დიდი ბოროტება ვერც წარმომიდგენია თუ კიდე რაიმე შეიძლება არსებობდეს, რომ ჯერ შვილი მოუკლეს კაცს და მერე საფლავზე მამა დააკლეს”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები