Google-ის სახელის ისტორია — როგორ გაჩნდა ბრენდი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
დღეს Google თითქმის ყველაფერს ნიშნავს: ინფორმაციის ძიებას, კითხვებზე პასუხს, გზის პოვნას და ათასი საჭიროების დაკმაყოფილებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი სახელი შემთხვევითი შეცდომის შედეგად გაჩნდა და ჩაფიქრებული სხვა რამ იყო.
1990-იანი წლების ბოლოს, სტენფორდის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი – ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი – ძიების ახალ სისტემაზე მუშაობდნენ. მათ ალგორითმს „PageRank“ უწოდეს. ის არსებითად განსხვავდებოდა იმ დროის სხვა სისტემებისგან.
თავდაპირველად პროექტს BackRub ერქვა, რადგან ვებსაიტების ბმულების ანალიზს უკავშირდებოდა, თუმცა მალე გადაწყვიტეს, რომ ახალი და დასამახსოვრებელი სახელი სჭირდებოდათ.
სახელის შთაგონება მიიღეს მათემატიკური ტერმინიდან – Googol. ეს სიტყვა აღწერს რიცხვს 1-ის შემდეგ 100 ნულით (10^100). მათ სურდათ, რომ ამ სახელში ასახულიყო მათი საძიებო სისტემის უნარი – მოეპოვებინა უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია.

როდესაც მეგობარმა და თანაკლასელმა, შონ ანდერსონმა ეს სახელი შესთავაზა, ლარი პეიჯმა მაშინვე მოიწონა იდეა. გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, იყო თუ არა ხელმისაწვდომი დომენი. შონმა დომენის რეგისტრაციისას შეცდომით ჩაწერა google.com „googol.com“-ის ნაცვლად.
საინტერესოა, რომ მათ ეს შეცდომა მოეწონათ – google მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და განსხვავებული ჟღერადობის სიტყვა იყო.
1998 წელს Google-მა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. თავიდანვე მისი მთავარი უპირატესობა სიზუსტე, სისწრაფე და მარტივი დიზაინი იყო. სხვა ძიების სისტემები გადატვირთული იყო რეკლამებით და რთული ინტერფეისით, Google კი, სიმარტივით გამოირჩეოდა.
მალე ის იქცა მთავარი პლატფორმად ინფორმაციის მოსაძებნად. დღეს Google-ს იყენებს მილიარდობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო და ის მხოლოდ ძიების სისტემაც აღარ არის – იგი აერთიანებს პროდუქტებს, როგორებიცაა Gmail, Google Maps, YouTube, Android და ა.შ.
Google-ის სახელი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შემთხვევითმა შეცდომამ მთელი ბრენდის იდენტობა განსაზღვროს. ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის იდეამ, რომელიც ჩვეულებრივ უნივერსიტეტში დაიბადა, შეცვალა მთელი მსოფლიო; ყველაფერი კი, მათემატიკური ტერმინის არასწორად ჩაწერით დაიწყო.