აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, თელავში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მიმდინარე წელს ჩვენ გავზარდეთ პროგრამული ნაწილის დაფინანსება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.
დღეს ვიმყოფებით კახეთში, სადაც თელავში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით ჩვენი პროგრამები, რომელიც მათ ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.