სოზარ სუბარი: მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს მე პირადად მხარს არ ვუჭერ და მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია მოსაყვანი ევროპულ სტანდარტებთან
„ვფიქრობ, რომ არასწორი გზით მივდივართ,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ ამ ცვლილებებს ის მხარს არ დაუჭერს.
სოზარ სუბარის თქმით, კანონმდებლობა დიდი ხანია საჭიროებს ცვლილებებს, ოღონდ არა BBC-ის სტანდარტით, რომელიც მოდელადაა აღებული და რომელსაც თავად ეს კომპანია, ხშირ შემთხვევაში, არ იცავს.
„მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებებს მე პირადად მხარს არ ვუჭერ და მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია მოსაყვანი ევროპულ სტანდარტებთან. ამ მხრივ, ჩვენ მართლა ბევრ რამეში ჩამოვრჩით – ცხოვრება ვითარდება და ჩვენი კანონმდებლობა უკვე დიდი ხანია აღარ განვითარებულა. არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების ძალიან ბევრი სახეობა, რომელიც ძალიან ხშირად დაუცველია.
ვფიქრობ, რომ არასწორი გზით მივდივართ – ბევრი რამ გვაქვს გასასწორებელი, ოღონდ ამისთვის უკეთესი იქნება ავიღოთ არა BBC-ის სტანდარტი, რომელიც არის ერთი კონკრეტული ტელევიზიის სტანდარტი და რომელსაც სამწუხაროდ, არც BBC იცავს, არამედ ავიღოთ რომელიმე ქვეყნის გამართული კანონმდებლობა და გადმოვიტანოთ საქართველოში პირდაპირ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.