უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპას საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ.
„დღეს ჩვენ ყველა – ჩვენი პარტნიორები ევროპაში – შევთანხმდით, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი წარმოადგენენ ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მაკრონი და სტარმერი. მე მჯერა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანია. ეს მკაფიო პოზიციაა. ჩვენ გვინდა ეს სიგნალი გავუგზავნოთ ყველა ჩვენს სხვა პარტნიორს და, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს“, – თქვა ზელენსკიმ პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა: „ევროპა უნდა იყოს მაგიდასთან, როცა საქმე ომის დასრულებას ეხება“.
„ჩვენ არ განვიხილავთ ალტერნატივებს. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია. ევროპა ძალიან დიდია და მას უნდა ჰყავდეს მკაფიო წარმომადგენლობა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.