ჭეიშვილი – ფონდებზე: როდესაც პოტენციურმა სამართალდამრღვევმა მოძალადემ იცის, რომ წინასწარ მას აქვს გარანტირებული სახდელისათვის თავის არიდება, პრევენციული ეფექტი იკარგება და ხდება სამართლებრივი ნორმებისთვის გვერდის ავლა

“პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დასტურდება, რომ ეს ორგანიზაციები რეალურად აქტიურად იყვნენ დაკავებულები რადიკალური ჯგუფების დაფინანსებით. ამას აქვს თავისი რამდენიმე განზომილება. სუფთა სამართლებრივ კონტექსტში თუ მოვახდენთ მათი ნამოქმედარის ანალიზს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ისინი ახდენენ სამართალდარღვევების დასპონსორებას”, –  ამის შესახებ „იმედის კვირას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ფონდებზე საუბრისას განუცხადა.

„როდესაც პოტენციურმა სამართალდამრღვევმა მოძალადემ იცის, რომ წინასწარ მას აქვს გარანტირებული შესაბამისი სახდელისათვის თავის არიდება და ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ფინანსური ჯარიმების დასპონსორებაზე, ბუნებრივია უკვე ეს პრევენციული ეფექტი პრაქტიკულად იკარგება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით ფაქტობრივად ხდებოდა სამართლებრივი ნორმებისთვის გვერდის ავლა.

ფონდების უკან მდგარი ადამიანები, მათი ხელმძღვანელი პირები, წარსულში ყოველთვის იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული პირები. სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა ფორმით და რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის ის, რომ თუკი წარსულში ისინი ერთი ხელით ახდენდნენ პირდაპირ „ნაცმოძრაობის დაფინანსებას“, მათი წინასაარჩევნო კამპანიების დასპონსორებას, დღეს უკვე, მაშინ როცა რადიკალური პოზიციის რეიტინგი აბსოლუტურად ფსკერზეა, ცდილობენ უკვე რომ პირდაპირ შესაბამისი რადიკალური ჯგუფების წახალისებით, მათი ძალადობრივი ქმედებების წახალისებით შეარყიონ სახელმწიფოს სუვერენიტეტი.

სწორედ ასეთ ორგანიზაციებს არ აწყობთ გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახლა აქტიურად ნერგავს და შემოაქვს სახელმწიფო ცხოვრების დღის წესრიგში, ვინაიდან სწორედ გამჭვირვალობის შესაბამისი სტანდარტების არსებობის პირობებში, ასეთი რადიკალური ორგანიზაციები ვეღარ მოახერხებენ შეფუთონ საკუთარი საქმიანობა, სხვადასხვა ყალბი ნარატივით, რომელსაც აქამდე ასე თუ ისე მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდნენ“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები