აკადემიკოსი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შუა დერეფნის პროექტის ამოქმედებისთვის ყველაზე დიდი მიღწევაა.
პაპავამ “კვირასთან”, ეკონომიკური მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 2 წელი შეაფასა.
მისი თქმით, მთავრობის მეთაურის მყარი და მკაფიო პოზიცია, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველოში მშვიდობა შენარჩუნებულიყო, არის წინაპირობა, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში გახდეს რეგიონის ჰაბი.
მან “კვირასთან” საუბრისას იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით გადადგა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითი გავლენა იქონია.
როგორც აკადემიკოსი აღნიშნავს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რაც გლობალური პროცესებიდან გამომდინარეობს, პრემიერმა, სამთავრობო გუნდთან ერთად, მოახერხა და ქვეყანას უკვე მეორე წელია 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომლის პირობებშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა თუ პროგრამას ახორციელებს.
“პრაქტიკულად 2 წლის თავზე, რაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმეორედ ჩაუდგა სათავეში საქართველოს მთავრობას, შეიძლება გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, რომელთა საშუალებასაც გვაძლევს ის, თუ რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ამ 2 წლის განმავლობაში.
2021 წელს, როდესაც ბატონი ირაკლი გახდა პრემიერ-მინისტრი, საქართველოში ჯერ კიდევ იყო კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები. ამ პირობებში, ვაქცინაციის პარალელურად, ძალიან თამამი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, როცა დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, რამაც გამოიწვა საკმაოდ სერიოზულ ეკონომიკური ზრდა, რომელმაც წლიურ 10%-ს გადააჭარბა. ეს პრაქტიკულად იყო მოულოდნელი შედეგი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
რაც შეეხება 2022 წელს, ეს წელი კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე 2021, რადგან 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში, რასაც დასავლეთის მხრიდან მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ომმა და სანქციებმა, ფაქტობრივად, შეცვალა მსოფლიო ეკონომიკა. დაიწყო საკმაოდ სერიოზული ძვრები მსოფლიო ეკონომიკაში და ამ ფონზე საქართველოს მთავრობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა. პირველ რიგში, იყო ძალიან დიდი ემოციური მუხტი, რომ ქართველებს გაეხსნათ მეორე ფრონტი, იყო ხაფანგებიც დაგებული, რომ საქართველო ჩართულიყო ამ ომში. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის პირველი პირის, ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომელმაც ფაქტობრივად ქვეყანას თავიდან ააცილა მეორე ფრონტის გახსნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მშვიდობიან საქართველოში მოხდა სერიოზული ეკონომიკური ძვრები. ერთის მხრივ, იმიტომ, რომ მშვიდობა იყო ქვეყანაში და მეორეს მხრივ, შემოვიდნენ უკრაინელები, რუსები, ბელორუსები. ზოგმა მათგანმა თავისი ბიზნესი გადმოიტანა ჩვენს ქვეყანაში და საქართველოში დაფიქსირდა კვლავ 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა.
ამ პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატებოდა იმპორტის ზრდის ტემპს, რაც ანგარიშგასაწევი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ სერიოზული პრობლემა რაც ქვეყანას შეექმნა იყო მაღალი ინფლაცია, თუმცა ინფლაციის გამომწვევი მიზეზები საქართველოში არ დევს, ეს განპირობებული იყო გლობალურად, დაიწყო პანდემიის პირობებში, რადგან მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში იყო რღვევა და შემდგომში ეს გაგრძელდა უკვე რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, რამდენადაც მიწოდების გლობალური ჯაჭვიდან ამოვარდა ისეთი მსხვილი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. თანაც რუსეთმა უკრაინასთან ომის გარდა, ასევე წამოიწყო ნავთობის ომი, სასურსათო პროდუქტების ომი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა.
აი სწორედ ამ მაღალი ინფლაციის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობამ მოახერხა ბიუჯეტში მოეძიებინა თანხები, რათა გაზრდილიყო პენსიები, პედაგოგების ანაზღაურება, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, გაეზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, აემოქმედებინა სხვადასხვა პროგრამა, განევითარებინა ინფრასტრუქტურა და სხვ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ მოახდენს სრულად იმის კომპენსირებას, რაც ფასების ზრდამ გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მოსახლეობას მდგომარეობას.
ყველაზე დიდი მიღწევა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია შუა დერეფნის პროექტის ამოქმედებისთვის. შუა დერეფნის პროექტი, ანუ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო ეკონომიკური დერეფანი ვთვლი, რომ თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. გაფორმდა ხელშეკრულება შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის პირველი პირები. ეს ხელშეკრულება დაიდო ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას. რაც ძალიან სტრატეგიული პროექტია, რადგან ენერგეტიკული თვალსაზრისით საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება ევროკავშირისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე ქვეყანა იყო ენერგეტიკული რესურსების გამტარი, ახლა საქართველოს მოეთხოვება რომ გახდეს ელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყანაც – ამოქმედდეს ჰესები, გამოყენებული იქნეს არატრადიციული ენერგიის წყაროები. ეს კი უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ შუა დერეფანი იქნება, არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ეკონომიკური დერეფანიც.
ეს არის ქვეყნის სერიოზული მიმართულებით ტრანსფორმაცია, რადგან თუ 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი იყო პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, 2022-ში ზრდის მამოძრავებელი იყო საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი პოლიტიკა, 2023 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი სწორედ ეს შუა დერეფანი იქნება. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, ქვეყნის უფრო მეტ ეკონომიკურ განვითარებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ იმან, რომ საქართველო არ აღმოჩნდა ომში ჩათრეული, მოგვცა საშუალება შუა დერეფნის ამოქმედების. შესაბამისად, ბრიუსელმაც დაადასტურა, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მშვიდობიანი ქვეყანა.
შუა დერეფნის პროექტზე საუბრისას, არ უნდა დავივიწყოთ ანაკლიის ნავსადგურის პროექტიც. რომელზე მუშაობაც, რეალურად ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ვერცერთმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი განხორციელება სხვადასხვა მიზეზის გამო. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კვლავ აქტუალური პროექტი გახდა ანაკლიის ნავსადგური, თუმცა რამდენიმე წლის წინ ყველაზე დიდი პრობლემა რაც პროექტს შეექმნა იყო ტვირთები არარსებობა. დღეს, როდესაც რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა, სიტუაცია შეიცვალა. ინტერესი, რომ ამოქმედდეს შუა დერეფანი, გაიზარდა და ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელებაც რეალური გახდა.
მთავარი ამ პროექტის განხორციელებაში კი არის ის, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც არ შეიძლება სრულად იყოს კერძო საკუთრებაში. ამიტომ პრემიერის გადაწყვეტილება, რომ 51%-ს იტოვებს სახელმწიფო და დანარჩენ 49%-ს გაინაწილებს სხვა ქვეყნების ინვესტორები, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ინვესტორებს შორის კი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი იაპონია და სხვა, რომელთაც აქვთ ტვირთები და მათი წილობრივი მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ასევე არის გარანტი რომ ტვირთები წამოვიდეს შუა დერეფანში. რაც, თავის მხრივ, საკმაოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა პაპავამ.
მან ასევე შეაფასა პრემიერის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოში ხორციელდება და აღნიშნა, რომ პროგრამა პოზიტიურია ქვეყნის განვითარებისთვის.
“ეს პროგრამა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, რადგან საქართველოს განვითარება არ არის მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება. ეს წარმოუდგენელია რეგიონების განვითარების გარეშე. შესაბამისად, ეს პროგრამა მხარდასაჭერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთლიანად ქვეყნის წინსვლაში. ამ თვალსაზრისითაც, მთავრობას, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯები აქვს გადადგმული.
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, პრემიერს საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, წინააღმდეგობით აღსავსე, რაც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებით დაძლია. ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ფონი არ შენელებულა, ქვეყანას გარდა სერიოზული პარტნიორებისა, ჰყავს მეგობრის საფარქვეშ დამალული მტრები, რომელიც სამწუხაროდ არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, ამიტომ ვთვლი, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრს ჰქონოდა მკაფიო და მყარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა სწორ დროს სწორ პოზიციაზე”, – აღნიშნა აკადემიკოსმა.