პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მეზობელთან.
აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულების სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ორივეს ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

ბრალდებულმა სროლის შედეგად, ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები