მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს – საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ დასაფინანსებლად 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასაფინანსებლად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) გრანტის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
პროექტის ძირითადი მიზანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალური განვითარებაა. „უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით გვიცხადებს. პროექტი, რომელიც დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, მიმართულია საქართველოს რეგიონების სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალურ განვითარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„საქართველოს მთავრობამ მის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში – საქართველო 2020 რეგიონებს შორის განვითარების მხრივ არსებულ სხვაობასთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დაფინანსება, დეცენტრალიზაცია, ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება და ქალაქებისა და სოფლების სანდო მუნიციპალური ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისათვის, უკვე დაგეგმილია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სოფელში გზის, წყალმომარაგების სისტემების და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღისა და სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია რომ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (დაახლოებით 85 მილიონი აშშ დოლარი) მიმდინარე „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი პროექტი“ უკვე დასკვნით ფაზაშია და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალსადენების, კანალიზაციის სისტემებისა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები