მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა, მერობის ყველა კანდიდატს პატივს ვცემ- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ვის თვლის მთავარ კონკურენტად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის არის ქალაქში არსებული პრობლემები.
„16-მდე ადამიანმა დააყენა მერობის კანდიდატად საკუთარი თავი. მე აბსოლუტურად ყველას პატივს ვცემ, მიუხედავად პირადი დამოკიდებულების და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ისინი არიან კანდიდატები.
რაც შეეხება კონკურენციას, ვამბობ გულწრფელად, რომ დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქალაქში არსებული პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. მომდევნო ოთხი წელი კი, კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.