ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიდეო წარადგინა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ საკანში მონიტორინგის პროცესი არის აღბეჭდილი.
თეა წულუკიანმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი.
“რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შემოდის ახალი პატიმარი და მას უმასპინძლდება ვიღაც პატიმარი ყავით, თუ ჩაით და თქვენი ეჭვით, ეს უნდა იყოს მაყურებელი, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს, მაგრამ თქვენ ალბათ, ამას არ იტყვით, „აიდი ბარათებისა“ არ იყოს, იუსტიციამ დაბეჭდაო და შემდეგ რომ დაიბარეს ამ განცხადების ავტორები, ეს თქვენ არ ბრძანდებოდით, თქვეს, „არ ვიცით, ასე გვითხრეს და“. არ ვიცით, ასე გვითხრეს და კი არა, უნდა თქვათ სახელები და გვარები.
ჩვენ ვნახავთ ვიდეოს, როგორ ახორციელებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგს საკანში. ეს არის საკანი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, შესაბამისად, პატიმარი გარდა სველი წერტილისა, არის ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ აქ მიბრძანდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ეს არის 2019 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში. ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს, შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. მოდით, ვიყოთ ობიქტური და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. როცა თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ გეგუთში თანამშრომელს ფორმა არ ეცვა და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ისრით რომ არ იყოს მონიშნული, ვინ არის პატიმარი და ვინ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ ქუდის ტარების, მათ შორის კაპიშონის ტარების უფლებას არ ვაძლევთ პატიმარს და ბასკური ბერეტით შეიძლება, მიხვდე, თუმცა ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგვიანებით ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.
ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა და N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში.