თბილისი „სთორითელინგის“ ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის, ე.წ. „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს მიერ დაფუძნდა. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი – პიტერ პომერანცევი, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია და სხვები.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები, რომელსაც გაუძღვებიან The Guardians-ის, CNN-ის და BBC-ს წარმომადგენლები.
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ შთაგონება საკუთარი საქმიანობისთვის.
ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დამფუძნებლები და მხარდამჭერები გაუძღვნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა თამარ თოფურიძემ განაცხადა, მსგავსი შემოქმედებით პროექტები და ფესტივალები ხელს უწყობს დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას.
„საფუძველი ჩაეყარა ახალ ფესტივალს „ამბის თხრობა – სთორითელინგი“, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებისთვის და ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის. თბილისის მერია არ იქნება მხოლოდ მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი აქტიური მსმენელი იქნება იმ საინტერესო ამბების, რომლებსაც ამ ფესტივალზე მოყვებიან“, – აღნიშნა თამარ თოფურიძემ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, „თიბისი სტატუსი“, Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „ფაბრიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები