“კობაურმა სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო”, – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

“გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით”, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის – მკვლელობის იარაღი – სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლისა და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან, ძალადობის გზით, სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ შეუფარდა თავისუფლების უვადო აღკვეთა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები