ქუთაისში დევნილმა ქალმა თავის დაწვა სცადა
ქუთაისში დევნილმა ქალმა თავის დაწვა სცადა. აქციაზე, სადაც დევნილები ბინების გადანაწილების პრინციპს აპროტესტებდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ბენზინი გადაისხა, თუმცა მას ცეცხლის მოკიდების საშუალება არ მისცეს.
შემთხვევა დევნილთა სამინსიტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოსთან მოხდა.
ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და დევნილებს თითოეული საქმის პირადად შესწავლას დაჰპირდა.
მისი თქმით, სექტემბერში ბინით 425 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.
დევნილების თქმით, შერჩევის პროცესში, მათ განუცხადეს, რომ ბინის მისაღებად საკმარისი ქულები ჰქონდათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილს ბინა არ ერგო.