6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 212 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 194 – მუნიციპალური უსაფრთხო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 183 – კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 42 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 28 – კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 21 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 305 კი – სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 357 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 193 – კახეთში, 154 – შიდა ქართლში, 142 – აჭარაში, 80 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 – სამცხე-ჯავახეთში, 34 – იმერეთში, 32 – გურიაში, 8 ფაქტი კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2025 წლის 6 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 192 ფაქტი გამოავლინეს.
ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.