ირანის პრეზიდენტი – ტრამპს: მოლაპარაკებას არ ვაპირებ
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა თქვა, რომ ქვეყანა არ აპირებს მოლაპარაკებას შეერთებულ შტატებთან იმ დროს, როდესაც ემუქრებიან,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
“ჩვენთვის მიუღებელია, რომ ისინი გასცემენ ბრძანებებს და იმუქრებიან. მე თქვენთან მოლაპარაკებებსაც არ ვაპირებ. რა ჯანდაბაც გინდათ, გააკეთეთ”, – ციტირებს სახელმწიფო მედია პეზეშკიანს.
მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი არ დაექვემდებარება ზეწოლას მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.
აღსანიშნავია, რომ თეირანთან შეთანხმების ღიაობის გამოხატვისას, ტრამპმა აღადგინა „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია, რომელიც მან გამოიყენა პრეზიდენტობის პირველ ვადაში ირანის გლობალური ეკონომიკისგან იზოლირებისთვის და მისი ნავთობის ექსპორტის ნულამდე დასაყვანად.