“60 000 აფხაზიდან, დაახლოებით, 20 000-მა ხმა გუნბას მისცა, 40 000-მა კი არძინბას, ეს შემდგომი დესტაბილიზაციის მყარი საფუძველია, რომელიც აუცილებლად იქნება”- ირაკლი გოგავა
პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც გოგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმაცია არ აქვს.
“ეს “არჩევნები” ლეგიტიმური არცერთი განზომილებით არაა, იმიტომ, რომ აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოხდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ქართველები ეთნიკური ნიშნით გამოძევებულები იქნენ. ამიტომ ამ “არჩევნებს” ლეგიტიმაცია არ აქვს. 2003 წელს, თებერვალში პუტინ-შევარდნაძის შეთანხმებით, გალის რაიონში 30 000 ქართველი დაბრუნდა, ამ ადამიანებს ჯერ აფხაზური პასპორტები და “არჩევნებში” მონაწილეობის უფლება მისცეს, მერე ჩამოართვეს. ანუ საქმე გვაქვს აპარტეიდულ რეჟიმთან, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. ეს ნიშნავს ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დაჩაგვრას და საარჩევნო ხმის წართმევას, თუნდაც მათი განზომილებით. ჩვენთვის ეს “საარჩევნო პროცესი” მთლიანად არალეგიტიმურია. ამიტომ, დღეს ჩვენ ვხედავთ რას: ახლა აფხაზეთში 60 000 ეთნიკური აფხაზია დარჩენილი, თვითონ წერენ 128 000-ს, რაც ტყუილია, ამდენი არ არიან. ყველა ირიბი ინდიკატორით მე გამოვთვალე მოსახლეობის საერთო რაოდენობა, საერთო ჯამში მოსახლეობა არ აღემატება170 000-ს, აქედან 42 000 სომეხია, 45 000 ქართველი, 60 000 აფხაზი და დანარჩენი რუსები, უკრაინელები და სხვა ერის წარმომადგენლები არიან. ამ 60 000 აფხაზეთიდან დაახლოებით 20 000-მა ხმა მისცა მას, ვინც გაიმარჯვა, ბადრი გაბუნიას გადაკეთებული გვარი და სახელით ბადრა გუნბას, 40 000-მა ხმა მისცა ადგურ არძინბას, ეს შემდგომი დესტაბილიზაციის მყარი საფუძველია, რომელიც აუცილებლად იქნება. ორი დაჯგუფებაა, აღმოსავლეთის დაჯგუფება, რომელსაც პირობითად ოჩამჩირის დაჯგუფებას ვეძახით, ამას წარმოადგენს ბადრი გაბუნია, იგივე ბადრა გუნბა, მეორე არის ადგურ არძინბა, ანუ გუდაუთის დაჯგუფება. ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, გალის რაიონის მოსახლეობას არ ჰქონდა ხმის უფლება, მაგრამ სოხუმელმა ქართველებმა, ვინც სოხუმსა და სხვა რეგიონებში არიან, ვისაც, ასე ვთქვათ, ხმის უფლება ჰქონდა, ხმა გუნბას მისცეს. “არჩევნების” ბედი სომხურმა ხმებმა გადაწყვიტა, ამიტომაც არის, რომ იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც “პირველი ტურის” შემდეგ გავრცელდა, არძინბას გუნდიდან ერთ-ერთი ბადრა გუნბას სომხების პრეზიდენტს უწოდებს. ეს აუცილებლად თავის განვითარებას პოვებს. რუსებმა გადასძალეს, რუსებს ვინც უნდოდათ, ის აარჩევინეს. “არჩევნების” წინ მინი ფერადი რევოლუცია მოხდა, სხვათა შორის, ეს გადატრიალება გარედანაც მხარდაჭერილი იყო, მათ შორის ევროპული ქვეყნების ნაწილიდან, თურქული ელემენტებიც იყო შენიშნული. ფაქტი ერთია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის, ევროპის გეოპოლიტიკური პოზიცია ემყარება სამხრეთ-კავკასიაში არსებული კონფლიქტების შენარჩუნებას, ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში წამყვანი ქვეყნებიდან, ევროპიდან და უცხოეთიდან ჩვენ არანაირ დახმარებას არ უნდა ველოდოთ. ვინაიდან მათ ინტერესებში შედის, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები არასდროს დალაგდეს და ამ კონფლიქტების არსებობით ბოლომდე არასდროს არ დალაგდება”- განაცხადა გოგავამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა. ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.
“1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%, ბადრა გუნბამ – 54.73%, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, – განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი მარშანმა.