გიორგი გაბუნია: „ფარას“ კანონი არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში – ჩვენ უყოყმანოდ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე ამ კანონს მივიღებთ
„„ფარას“ კანონი არის საქართველოს ინტერესებში, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში და ჩვენ უყოყმანოდ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე ამ კანონს მივიღებთ, ვინაიდან „ფარას“ კანონი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და გამოცდილება,“ – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კანონი ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და ამ კანონის დამსახურებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა, ყველაზე კარგად დაიცვა თავი გარე გავლენებისგან.
„როდესაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოში გარედან თავს მოხვეული და გარედან დაფინანსებული შიდა ძალების გარკვეულწილად შებოჭვა, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ის კანონი იყო ლიბერალური. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცირე დროის განმავლობაში ამ კანონმა სათანადო შედეგები ვერ დადო, მაინც ამ კანონმა თავისი ძალიან დიდი საქმე და თავისი მთავარი დანიშნულება შეასრულა. მორალური ეფექტი ამ კანონისა იყო განუზომლად დიდი. ამ კანონის მიღებით საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ რამხელა ქსელი, რამხელა ძალა არსებობდა ქვეყნის შიგნით. ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ მიერ მართული მედიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც მუდმივად იყვნენ მომართული იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ზღვარზე. სამოქალაქო არეულობები ზღვარზე, რევოლუციის ზღვარზე და ჩვენ, პრაქტიკულად, პირველი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.
შესაბამისად, „ფარას“ კანონის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ გარედან შემოსული ათეულობით მილიონი დოლარი თუ ევრო, რომელიც მიედინება სხვადასხვა გზებით პოლიტიკაში, ამ ფულს, ჩვენ კარგად გვესმის ასევე, რომ ისე არავინ არავის არ ჩუქნის და ამ ფულს მოჰყვება კონკრეტული მიზნები, ამოცანები, ინტერესები, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოახერხოს და საკუთარი ინტერესები დაიცვას. მე პრინციპულად არ ვისაუბრებ ამ კანონის დეტალებზე და შინაარსი არ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ მზადდება ეს, როგორც კანონპროექტი. ბუნებრივია, როდესაც ის დარეგისტრირდება, საკომიტეტო ფორმატში დაიწყება მისი მოსმენა და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონის შინაარსს გაეცნოს, მათ შორის თქვენც, ჩვენ უკვე ვისაუბრებთ დეტალებზე, ვისაუბრეთ ამ კანონის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ „ფარას“ კანონი ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ის არის ამერიკული კანონი და მას ჩვენ გადმოვიტანთ ერთი ერთში, პირდაპირი თარგმნით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.