საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში.
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
საქართველოს კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს და ნომინაციის მომზადების მონაწილე ყველა მხარეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.