„ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება“ – საქართველოს ეროვნული გალერეა გამოფენას უმასპინძლებს
19 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა – „ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება: გელა ზაუტაშვილის, ილია ზაუტაშვილის, გია ეძგვერაძისა და ლუკა ლასარეიშვილის ნამუშევრები (სულ 26 ნამუშევარი), რომლებიც შერჩეულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებიდან.
ცნობილი ქართველი მხატვრის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის (1927-1992), სახელი მჭიდროდ უკავშირდება ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას. დავით კაკაბაძის შემდეგ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აბსტრაქტული მხატვრობის განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული ხელოვნების ახალ ეტაპს.
ა. ბანძელაძის მრავალმხრივ შემოქმედებაში დაზგური და კედლის მხატვრობისა და გრაფიკის უაღრესად საინტერესო ნიმუშებს ვხვდებით.
ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარდა 1958 წელს შრომის თემაზე შესრულებული გრაფიკული სერიისა (60-იანი წლების შემდეგ გამოიფინება პირველად), წარმოაჩენს ქართული აბსტრაქციონიზმის განვითარებას 1970-იანი წლებიდან, როდესაც ახალგაზრდა მხატვრებმა – გია ეძგვერაძემ, გელა ზაუტაშვილმა, ილია ზაუტაშვილმა და ლუკა ლასარეიშვილმა ალექსანდრე ბანძელაძის გავლენით დაიწყეს აბსტრაქტული ფორმების ძიება. მათი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპრესიით, ფერებისა და ფორმების დინამიკით, რაც წარმოაჩენს როგორც პერსონალურ სტილს, ასევე ერთიან მხატვრულ ტენდენციას.

გამოფენის მიზანია, ფართო აუდიტორიას გააცნოს ქართული აბსტრაქციონიზმის ევოლუცია, ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედების გავლენა თანამედროვე მხატვრობაზე და მისი ხელოვნების მნიშვნელობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.
გამოფენა 6 აპრილამდე გასტანს.