ბექა ძამაშვილი – ისკანდერის დაკარგვაზე: ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დამიზნებით, განზრახვით იქნა გამოყენებული ეს კასეტური იარაღი და როდესაც საქმეში ჩავიხედეთ, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო

საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთია შეფასებები, ერთია ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება იცოდა, რეალურად რა მოხდა 2008 წელს, თუმცა, ამ სიმართლის დადგენა, ჩვენი ქვეყნის სიმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებით და სამწუხაროა ის გარემოება, რომ მთელ რიგ საქმეებზე, მტკიცებულება არ იყო საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

მისივე განცხადებით, ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით და წარმოადგენდა ოქროს მტკიცებულებას იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს დაედასტურებინა, რომ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დამიზნებით, განზრახვით იქნა გამოყენებული რუსეთის მხრიდან, თუმცა, მტკიცებულება არათუ საქმეში, საქართველოშიც კი არ აღმოჩნდა.

„მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება, რაც უნდა ყოფილიყო პირდაპირ საქართველოს სოფლების, ქალაქების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მხრიდან, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია, ფაქტობრივად, წლების შემდეგ, ფაქტობრივად ნულიდან ამ მტკიცებულებების შექმნა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ისკანდერის დაკარგვის ნაწილიც. ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, რატომ იყო ე.წ. ოქროს მტკიცებულება, იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დაგვედგინა. ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს. 12 აგვისტო არის მნიშვნელოვანი, რადგან, ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული, ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად, იქ არიან მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით, ანუ, ფაქტობრივად, ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს – ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც საქმეში ჩავიხედეთ, ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოში არ იყო.“ – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მან ისაუბრა იმაზეც, რომ საწყის ეტაპზე, ქართულ მხარეს მხოლოდ ისკანდერის ამსახველი კადრები და ფოტომასალა ჰქონდა, რაზეც რუსული მხარე აპელირებდა, რომ ფოტოშოპი იყო, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს წლები დასჭირდა, რომ ისკანდერის ნაწილებისთვის მიეკვლია და საქართველოში მანამდე ჩამოტანა მოესწრო, სანამ სასამართლოები გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ.

„ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლოში, საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული კადრები და ფოტომასალა, რომლებზეც, წლების განმავლობაში, რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული, რადგან, თუ რეალურად ეს ჭურვი საქართველოში ჩამოვარდა, მისი ნარჩენებიც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ქართულ მხარეს და წლები დასჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს რომ ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია, საქართველოში დაებრუნებინა და ჩვენ მოგვესწრო, სანამ ეს სასამართლოები საკუთარ გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ, მოგვესწრო ამ ოქროს მტკიცებულების წარდგენა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები