“არსებობდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც ხელს ადებდა ქართულ სახელმწიფოსა და მის ჯარს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე; ყველა დავა საქართველომ რუსეთს მოუგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად” – წულუკიანი

“არსებობდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი და პირდაპირ ხელს ადებდა ქართულ სახელმწიფოსა და მის ჯარს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე. ასეთ ვითარებაში გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს საქმეები”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს.

„დიდი მადლობა, ბატონო ბექა. თქვენ მოკლედ, მაგრამ ამომწურავად ახსენით თუ რა ვითარებაში გადაიბარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან ყველა ის სასამართლო დავა თუ სამართლებრივი მიმართულება, რომელიც ეხებოდა აგვისტოს ომის თემას. არ არსებობდა დამაგრებული მტკიცებულებები ან საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა, თუ არსებობდა გაფანტული იყო უწყებებში. ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა იყო წაგებული. არსებობდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი და პირდაპირ ხელს ადებდა ქართულ სახელმწიფოსა და მის ჯარს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე. ასეთ ვითარებაში გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს საქმეები და შემდეგ, როგორც თქვენვე დაადასტურეთ, ეს ყველაფერი შეტრიალდა სიმართლისკენ, ყველა დავა საქართველომ რუსეთს მოუგო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად. ამას მოწმობს ის ფაქტები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ და არა მხოლოდ ეს ფაქტები, არამედ ბევრი სხვაც, რომელსაც ნახევარ საათში ვერ წარმოადგენ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც ამ პროცედურაში იყო ჩართული. დაწყებული რიგითი პროკურორიდან, გაგრძელებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებით და თითოეული იმ იუსტიციელით, რომელიც მუშაობდა სწორედ სიმართლის დასადგენად. აქ მინდა ხაზგასმით გამოვყო ამჟამად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლე, ქართველი მოსამართლე ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინ ჩემი მოადგილე გახლდათ. ამიტომ, ყველას დიდი მადლობა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები