“60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ?” – სოზარ სუბარი
“60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც სუბარმა განმარტა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ პროკურატურიდან ირაკლი ნადარეიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გიორგი სანტურიანს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ალექსანდრე დარახველიძეს.
„საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას – ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა. შესაბამისად, ეს საქმეები იქნება გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში, თუ ვინმე არ მოვა. როდესაც ლაპარაკია რომ კომისიაზე არ მოსვლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს გაწერილია კანონში. ჩვენ ბუნებრივია, არავის პასუხისმგებლობა არ გვინდა. პირიქით, გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ, გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც კომისიას აქვს მათ მიმართ. თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს.
რაც შეეხება პარტიის აკრძალვას – პარტიის აკრძალვა-არაკრძალვა არ არის მიზანი. მიზანი არის, ნათელი მოეფინოს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამის შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საუბარმა.