სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა უკვე დანერგილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. ქ. გორში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს აკვაკულტურის პოტენციალის, არსებული ვითარების და სიახლეების საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილე თევზმომშენებელი ფერმერებისთვის თევზის დაავადებების დიაგნოსტირებისა და თევზისა და თევზპროდუქტების ლაბორატორიული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„აკვაკულტურის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ლაბორატორიულად, შესაბამისი სტანდარტით შემოწმდეს. დღესდღეობით, საქართველოში ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი, სადაც თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით კვლევები ტარდება. იმავდროულად, სახელმწიფო მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებული თევზის, მოლუსკებისა და კიბოსნაირების საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გატანას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა მეთევზე ფერმერების დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები.
გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.