ლევან მაჭავარიანი უკრაინაში ომის თემაზე ტრამპი-პუტინის კომუნიკაციაზე: იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება და ეს ტრაგედია მალე დასრულდება

„ძალიან სასიხარულოა, რომ დიალოგი შედგა ბატონ ტრამპსა და პუტინს შორის. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება და ეს ტრაგედია მალე უნდა დაასრულონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე  თქმით,  უკრაინაში ომის დასრულება საქართველოს ინტერესებშიც შედის.

„რაც მთავარია, კომუნიკაცია შედგა – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, კონფლიქტი მაშინ იწყება, როდესაც კომუნიკაცია წყდება, და ჩვენ ძალიან მივესალმებით იმას, რომ ეს კომუნიკაცია აღდგა. რაც უფრო მალე გადავა ის უკვე მუშა სტადიაში, მით უკეთესი. ჩვენი პირდაპირი ინტერესი არის ის, რომ, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ უკრაინაში, ეს ჩვენ ინტერესშიც შედის, რადგან მოიხსნება ის წნეხი, რაც უკავშირდებოდა მეორე ფრონტის გახსნას.

გავიხსენებდი დღევანდელი სახელმწიფო მდივნის ძალიან სკანდალურ განცხადებას, რომელიც, რა თქმა უნდა, სიმართლეზეა დაფუძნებული და არ ესიამოვნა ძალიან ბევრს – მათ შორის, ევროპაში, პირველ რიგში, და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას.

ბატონმა რუბიომ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი უსინდისობა და უნამუსობა იყო ის, რომ სამი წლის განმავლობაში „ჩვენ მსოფლიოს ვატყუებდით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ამ ომში იმარჯვებდაო“. პირდაპირ ასე განაცხადა და, რა თქმა უნდა, მოიაზრა ყოფილი ადმინისტრაცია და ის ლიდერები. მე ახლა შეგნებულად არ ჩამოვთვლი, არქივი არსებობს და ყველას შეუძლია YouTube-ზე მოძებნოს, ვინ რა განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ უკრაინის ხალხსაც ატყუებდნენ.

დღეს რა დღეშია უკრაინა? 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, ასობით ათასი დაღუპულია, ათობით მილიონი უსახლკაროდ დარჩა, ქვეყნის ნახევარი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. შევახსენებ საზოგადოებას, რომ პირველ თვეებში უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით მიიღებდნენ – ოღონდ ახლა უნდა ებრძოლათ. დღეს რატომღაც ეს დაპირება აღარავის ახსოვს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაც გაიხსენა.

„ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამას პირველივე დღეებში ვაცხადებდით, მაგრამ სად ბატონი ტრამპის წონა და სად – „ქართული ოცნების“. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ბატონ ზელენსკის განცხადება არ გაუკეთებია, შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია.

მან [ტრამპმა] თქვა, უბრალოდ, „დიდმა ბიჭებმა“ წააქეზეს და შეაგულიანეს და ასე აღმოჩნდა ამ ომში, თორემ თავიდან აირიდებდა ამ ომსო. მადლობა ღმერთს, რომ ამ ტრაგედიის დასრულებას უკვე პირი უჩანს.

ახლა მოვლენები როგორ განვითარდება? ძალიან სასიხარულოა, რომ დიალოგი შედგა ბატონ ტრამპსა და პუტინს შორის. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა შედგება და ეს ტრაგედია მალე უნდა დაასრულონ. ძირითადი მხარეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც ახლა იკვეთება, ევროპა ცოტა ოფსაიდში რჩება ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, და, სამწუხაროდ, შეიძლება ზელენსკისაც ბევრი არაფერი ჰკითხონ,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები