დავით მათიკაშვილი: ის მცდარი ნარატივი, რომ, თითქოს, მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში დაკავებული, ეს არის ტყუილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას ცდილობს.
“სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმის დასკვნამაც დაადასტურა, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელის მიმართ ტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო ზომა, რომელიც არის გათვალისწინებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კონსილიუმს არ აქვს არავითარი პრეტენზია სამედიცინო პერსონალთან მიმართებით.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას, მთავარი არის ის, რომ შეწყდეს რადიკალების მხრიდან მისი წახალისება და მცდელობა, ქალბატონი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა გამოყენებული იქნას ბრმა იარაღად რადიკალური მიზნების განსახორციელებლად.
ის მცდარი ნარატივი, რომ, თითქოს, მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში დაკავებული, ეს არის ტყუილი. საზოგადოებამ იხილა ქმედება, რის გამოც მოხდა მზია ამაღლობელის დაპატიმრება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.