ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანს ახალი საბავშვო ბაღი აქვს
“ზამთრის არდადეგების შემდეგ, ხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა, სასწავლო პროცესი ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს,” – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, სრულად რეაბილიტირებული ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით რეგიონში მიმდინარეობს როგორც სკოლამდელი ასევე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. დღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში სრულად რეაბილიტირებული ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 25 მოსწავლეზეა გათვლილი. იგი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. სოფლების გაძლიერების მიზნით რეგიონის მასშტაბით არაერთი პროექტი ხორციელდება, რათა სოფლებიდან მიგრაცია მინიმუმამდე იქნეს შემცირებული“ – აცხადებს ლევან ზალკალიანი.
“ხანის საბავშვო ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სააღმზრდელო-სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით.
ხანის საბავშვო ბაღში სრული რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.