რუსთავში მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
„რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30-მდე ნამუშევარს აერთიანებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. ლაცაბიძის თქმით, მოხარულია, რომ ასეთი მაღალი დონის მხატვრების მასპინძლობის შესაძლებლობა აქვს რუსთავს.
,,ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეაში, დღეს უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის – ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა დაიწყო. მიხარია, რომ ხელოვნების ახალ გალერეაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავხსენით, რუსთაველ მხატვრებს საგამოფენო სივრცე აქვთ, რუსთაველებს კი ასეთი მაღალი დონის მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე დასწრებისა და მასპინძლობის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
„ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რუსთავში პირველად იმართება. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნებისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმებში, კულტურის სამინისტროს ფონდში და ტრეტიაკოვის გალერეაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, უნგრეთში რუსეთში, ისრაელში კერძო კოლექციებშია დაცული.
ჯემალ კუხალაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მხატვრულად გააფორმა ელდარ შენგელაიას ფილმი “სამანიშვილის დედინაცვალი”. 1979 წლიდან, დღემდე ის თბილისში მოწყობილი ყველა მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილეა. 1987 წელს თბილისში “სურათების ეროვნულ გალერეაში” გამართულ გამოფენაზე მისმა ფერწერულმა ტრიპტიქმა “ამაღლება” მხატვართა კავშირის პრიზი და პირველი პრემია დაიმსახურა და წლის საუკეთესო მხატვრის წოდებაც მიენიჭა. 2001-2003 წლებში თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი პრემია და გრანპრი აქვს მიღებული, 2012 წელს გალაკტიონ ტაბიძისა და ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო 2022 წელს დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის სახელობის ოქროს მედლით. მუშაობდა თემურ ბაბლუანის ფილმ “უძინართა მზის” კინო მხატვრობაზე.
რუსთავის ხელოვნების გალერეა, ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს. კუხალაშვილი მესამე მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც რუსთავის ახალ გალერეაში გამოიფინა.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა 2024 წლის 23 ოქტომბერს, მისივე ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. რუსთავში სამხატვრო გალერეის არსებობას ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი სურვილი გასულ წელს შესრულდა და ქალაქში თანამედროვე საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც ნებისმიერ შემოქმედს აქვს საშუალება გამოფინოს ნამუშევრები, ხოლო რუსთაველებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს.
ხელოვნების გალერეა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაშია განთავსებული” – ნათქვამია ინფორმაციაში.