“გავლენიანმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილი, აშშ-ის საელჩოს ტერმინოლოგიას რომ დავესესხო, „მიზანში ამოიღეს“, რადგან მათი, საქართველოსთვის დამღუპველი დირექტივები მორჩილად არ შეასრულა” – ანჯაფარიძე

“მიუხედავად იმისა, რომ ფინანსისტი არ ვარ, მაინც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, რადგანაც ჩემი აზრით საქმე გვაქვს შემთხვევასთან, რომელიც აშკარად სცილდება საბანკო სფეროს და უფრო პოლიტიკას უკავშირდება, თანაც კულუარულ ბინძურ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შვეიცარიული ბანკები აღარ არიან სანდო ფინანსური ინსტიტუტები.

“ივანიშვილის ადვოკატის თუნდაც ეს მოკლე განმარტება, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის ბოლოდროინდელი ურთიერთობების ისტორია , საკმარის საფუძველს მაძლევს გავაკეთო, მინიმუმ ორი დასკვნა:

1/ შვეიცარიული ბანკები აღარ არიან სანდო ფინანსური ინსტიტუტები, მათი ერთ დროს შეურყვნელი რეპუტაცია გავლენიანმა ძალებმა, გინდათ „deep state” უწოდეთ გინდათ სხვა რამ, პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარეს და შესაბამისად მიწასთან გაასწორეს.

2/ ამ გავლენიანმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილი, აშშ-ის საელჩოს ტერმინოლოგიას რომ დავესესხო, „მიზანში ამოიღეს“ იმის გამო, რომ მათი საქართველოსთვის დამღუპველი დირექტივები მორჩილად არ შეასრულა. ეს რომ გაეკეთებინა, დარწმუნებული იყავით არავითარი პრობლემები არ ექნებოდა შვეიცარიის ბანკებთან. ახლა კი „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“ არ იყოს, თანხების ერთი შვეიცარიული ბანკიდან მეორეში გადატანას, არავითარი აზრი არ ჰქონია, რადგანაც „deep state”-ს გრძელი ხელები ყველგან მოგვწვდება.

P.S. ახლა რთულია იმის თქმა, თუ რით დასრულდება დონალდ ტრამპის ბრძოლა “deep state”-თან, მაგრამ ვიდრე ეს კონგლომერატი არსებობს, იარსებებს ის უსამართლობა და ძალადობა, რასაც ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ცალკეულ პირებთან მიმართებით”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები