“საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს” – ივანე ჩხაიძე
“საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა, ეს მატება სტაბილურია – მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, მოლოდინია, რომ მატება იანვარში მიაღწევს პიკს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რა ხდება გრიპთან მიმართებით. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო 3 კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით, პრაქტიკულად, არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჯამში, სხვა ვირუსებთან მიმართებაში. ეს სტატისტიკაც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული.
გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან და ორჯერ ნაკლები იყო 2022-2023 წლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია, თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება. ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფროს მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მომართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.