ცესკოს თავმჯდომარე – ყაველაშვილს: გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ
“წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
კალანდარიშვილის თქმით, კოლეგიის 300 წევრიდან ხმა ყაველაშვილს 224-მა წევრმა მისცა.
„გაიმართა ცესკო-ს სხდომა, სადაც განიხილებოდა ხმების დათვლის, შედეგების დადგენისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხი, სადაც შედგა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საერთო ჯამში, საარჩევნო კოლეგია შედგებოდა 300 წევრისგან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილი არის 1 ბიულეტენი, 224 ხმა კი, მიეკუთვნა პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ამით, ჩემო ძვირფასებო, საარჩევნო პროცესი დასრულებულია ერთი პროცედურის გამოკლებით, რომლის გათვალისწინებითაც შედგა სამი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ერთი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო ერთი კი, კანონით გათვალისწინებული წესით შეინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენი ნებართვით, შემაჯამებელ ოქმს გადავცემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამით საარჩევნო პროცესი დასრულებულია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა