დავით მათიკაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დასამახსოვრებადი პრეზიდენტი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის
“დღევანდელი დღე მკაფიოდ პოზიტიურად ჩაიწერება ქვეყნის ისტორიაში, მიხეილ ყაველაშვილი კი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დასამახსოვრებადი პრეზიდენტი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის – საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნები, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, კონკრეტულად ამ ფორმის სახელმწიფოებრივი მმართველობისთვის არის ყველაზე სწორი – ირიბად, ე.წ. ამერიკული წესით პრეზიდენტის არჩევა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო ქვეყნების ძალიან დიდ პროცენტს, თითქმის უდიდეს უმრავლესობას, სწორედ ამ ფორმით არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. ისეთ ქვეყნებში, სადაც მონარქიაა, მონარქი წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით ეს არის პრეზიდენტი. შესაბამისად, დღევანდელი დღე მკაფიოდ პოზიტიურად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მიხეილ ყაველაშვილი იქნება აუცილებლად გამორჩეულად დასამახსოვრებადი პრეზიდენტი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მისი პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე და იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მიხეილ ყაველაშვილს გააჩნია და ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია ისეთ ადამიანს, რომელიც რბილად, რომ ვთქვა, არ შეესაბამება ამ თანამდებობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.