დაშავებული ქართველი სამხედროები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ

   დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეს აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ.
თავდაცვის სმაინისტროს ინდორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში უკვე გაიარა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს გამთენიისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„თავდაცვის სამინისტრო ასრულებს დაპირებას და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს უკვე აქვთ ულტრა-თანამედროვე პროთეზები. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის და, უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით. 23 თებერვალს მეორე ჯგუფი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანას შეწირეს, ახლა უკვე ჩვენ, სახელმწიფომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები გააგრძელებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს და კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა.
დაშავებულ სამხედროებს მექანიკური კიდურები ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვალეს. უახლესი თაობის ელექტროკიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში  ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა ზედამხედველობს. პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 19 ჯარისკაცი გაემგზავრება. პროთეზირების კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურე აშშ-ში 27 დეკემბერს გაემგზავრა. ამ ეტაპზე პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება. პროთეზირების პროგრამის გასავლელად, დაშავებული ჯარისკაცების მეორე ნაკადი აშშ-ში უახლოეს მომავალში გაემგზავრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები