ეკა სეფაშვილი: ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპაში არსებობენ ძალები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ქართველი ხალხის ნება, ქვეყნის სუვერენიტეტი და ჯიუტად ცდილობენ თავიანთი დასახული ამოცანების შესრულებას
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ეკა სეფაშვილი თბილისში, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსულ ევროდეპუტატების ვიზიტს მედიასთან საუბარში ეხმიანება და დასძენს, რომ ეს იყო ევროდესანტი, რომლის მიზანიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მუხტის გაღვივება იყო.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტით, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ევროპაში არიან ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს არაფრად აგდებს.
„ეს ევროდესანტი, რომელიც საქართველოში უკვე მეორეჯერ გადმოსხეს, ემსახურება ჩამქრალი აქციების მუხტის გაღვივებას. მიკვირს და გაოცებული ვარ იმ ადამიანების გულუბრყვილობით, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს. შემსრულებლებთან დაკავშირებით პრეტენზიები ნაკლებად შეიძლება გვქონდეს, იმიტომ, რომ რასაც ავალებენ, იმას ასრულებენ.
ჩვენ არჩევნებამდე ვიხილეთ საქართველოში ჩამოსული რვა ევროპარლამენტარისგან შემდგარი დესანტი. ამ დესანტმა წყალწაღებულებს ხავსი შესთავაზა, რამაც არ იმუშავა და მაინც ჯიუტად აგრძელებენ იმავეს. ანუ ერთხელ უკვე ნახეს, რომ არ იმუშავა ამ ევროდესანტმა, რომელიც პირველ ჯერზე უფრო მსხვილი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან შედგებოდა. ახლა კი ერთადერთი რასა იუკნევიჩიენე არის, რომელსაც ასე თუ ისე ქართული საზოგადოება იცნობს, დანარჩენთა პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის დიდად ცნობილიც არ არის. ისევ იმეორებენ იმავე შეცდომას, რასაც, რა თქმა უნდა, შედეგი ამჯერადაც არ ექნება. ამ „ვიზიტებს“ ერთადერთი შედეგი აქვს – ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპაში არსებობენ ძალები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ქართველი ხალხის ნება, ქვეყნის სუვერენიტეტი და ჯიუტად ცდილობენ თავიანთი დასახული ამოცანების შესრულებას. ჯიუტად იმიტომ ვამბობ, რომ ხედავენ რომ არაფერი არ გამოსდით, მაგრამ მაინც არ ეშვებიან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.