გიორგი ვოლსკი: სანქცია ვის შეეხო, არ ვიცი – ალბათ, რაღაც სტანდარტია, რასაც მიჰყვებიან
“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტს გამოეხმაურა.
„სანქცია ვის შეეხო, არ ვიცი. ალბათ, რაღაც სტანდარტია, რასაც მიჰყვებიან. ეს გამოიხატება მოგზაურობის შეზღუდვაში. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამერიკის ინტერესი იყო, როცა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას მაშინ ეძახდა, როცა გესტაპოს სისტემა არსებობდა, ადამიანების წამება, დახვრეტა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს იმ ორმაგი სტანდარტით გადაიფარა, რაც ქვეყნებს გააჩნიათ. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანას და ღირსეულ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ასანქცირებენ, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან, ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიორგი ვოლკსიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.