“სუს-ის განცხადება დროული იყო, ის ატარებს პრევენციულ ხასიათს და გაფრთხილებაც არის” – თენგიზ შარმანაშვილი
“სოციალურ ქსელში მასობრივად წააწყდებით გამონათქვამებს, რომ თუ არა ე.წ. საკრალური მსხვერპლი, ასეთი რევოლუციური სიტუაციის აგორება შეუძლებელი იქნებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ის სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა განხორციელდეს, ქუჩაში სიტუაცია მაქსიმალურად უნდა დაიძაბოს, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი.
“სუს-ის ეს განცხადება რეალობას ეფუძნება. მათ აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია, რომელსაც მე და თქვენ ვიღებთ. მაგრამ, დამატებითი ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს, ჩვენ თვალწინ არის, რომ ამისკენ მიისწრაფვიან. არც მალავენ ამ თემაზე საუბარს, ასე რომ სუს-ის განცხადება დროული იყო, ეს ატარებს პრევენციულ ხასიათს და გაფრთხილებაც არის, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც ჩაიფიქრებს ასეთი თემის რეალიზაციას,“ – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.