“ობიექტური თუ ხარ ადამიანი და არ მოგწონს ძალადობა, ერთი ძალადობაც მიუღებელია და მეორეც, რასაც, ხშირ შემთხვევაში, მომიტინგეების მხრიდან ვერ ვხედავთ ხოლმე” – გელა ნიკოლაიშვილი
“სიტუაცია არ არის მარტივი, საკმაოდ გართულებული და დაძაბული სიტუაციაა”, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ამას პერიოდულად ართულებს ის მოქმედებები ორივე მხრიდან, ან ვთქვათ, მომიტინგეების მხრიდან ხდება გადაჭარბებული აქტიურობები. ამ აქტიურობებში მე ვგულისხმობ იგივე ბოთლების, ქვების, თუ რაღაც მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის სროლას პოლიციელებზე, პირდაპირ დამიზნებით. მეორე მხრივ კი, აგერ გაჩვენებდათ თამარ ჩერგოლეიშვილი დაზიანებული ადამიანების სახეებს და რა თქმა უნდა, ესეც არის იგივე გადაჭარბებული ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, ის უნდა დააკავო, მაგრამ ასევე კანონი არ უნდა დაარღვიო, როდესაც აკავებ და თუ ხდება ამის შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, ესეც კანონდარღვევაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც გუშინ მოხდა. ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს და მე იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ საქმეებს ყველას თუ არა, რაღაც ნაწილს მაინც გახსნის და გამოააშკარავებს, ვინ არიან ისინი. თუნდაც, მათი მომხრეები იყვნენ და ვიღაცის ცხელ თავში მოიხარშოს ის, რომ აი, ჩვენ დაშინების გზით რაღაცას მივაღწევთ, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის დათვური სამსახური ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებამ ეს თვითონაც უნდა გაიგოს. მე ვფიქრობ, გაგებული აქვს, ყოველ შემთხვევაში, რასაც აცხადებენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და სხვები, რომლებიც გამოდიან და პირდაპირ, ღიად გმობენ ამას, ეს უკვე პირველი ნაბიჯია, მაგრამ მეორე ნაბიჯი იქნებოდა, ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი დაედოთ.
მომიტინგეები ამბობენ ხოლმე, ჩვენ თუ რაღაცას ვაშავებთ, ეს კარგია, კანონიერია და დაგმობილი კი არა, ტაშდაკრულია, ხოლო თუ ვიღაცისგან არის ძალის გადამეტება, ეს უნდა დაიგმოს. თუ ობიექტური ხარ ადამიანი და თუ არ მოგწონს კონკრეტულად ძალადობა, ერთი ძალადობაც მიუღებელია და მეორეც, რასაც ხშირ შემთხვევაში, მათგან ვერ ვხედავთ ხოლმე. აი, ეს არის მთავარი, თუმცა იქ ძალიან ბევრი მომიტინგე თვითონვე ამბობს ხოლმე, მე რატომ უნდა გავილახო და დავზიანდე, როდესაც მე არ ვისვრი, არც ქვას, არც ბოთლს და არც არაფერსო, მაგრამ ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, როდესაც დაშლა ხდება და იქ გვერდით უდგახარ, მოქნეული და მოზომილი ვინ გაიგოო, ხომ? სანამ დაკავება მოხდება, მანამდე შეიძლება, ეს ადამიანებიც დაზიანდნენ. სამწუხაროდ, ასე ხდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.