მედია: რუსეთმა აფხაზური მანდარინის იმპორტი აკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.
“რუსეთის მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, სანიტარიული ნორმების დარღვევის გამო. აფხაზეთის სამსახურები უარყოფენ ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას“,- აცხადებს ვალერი ბგანბა.
მანამდე, ტელეგრამის არხი RESPUBLICA წერდა, რომ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თხოვნით რუსეთის მხარეს ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიმართა.
„არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიმართა რუსეთის მხარეს წინადადებით, შემოეღო შეზღუდვები რესპუბლიკის წინააღმდეგ. კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ექსპრეზიდენტის ამგვარი მოქმედების მიზანი აფხაზეთში კრიზისული ვითარების გაღრმავება იყო, რომელიც ბჟანიას საშუალებას მისცემდა, ხელისუფლებაში გარე ზეწოლით დაბრუნებულიყო “,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.