საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ბრალდებულები ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
“ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება”, – წერია განცხადებაში.