თენგიზ შარმანაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი განცხადებით, ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა.
„ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა და ის რეკომენდაციები, რასაც გეუბნებით, ამ პარლამენტის შესასრულებელია. აქ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე კი არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს პარლამენტი შედგა და ჩვენი რეკომენდაციები კანონმდებლობაში უნდა ასახო. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველას მოუწოდებენ, ლეგიტიმურად მოხდეს ჩვენს კანონმდებლობაში ყველაფრის ასახვა, რა შენიშვნებიც მათ აქვთ. ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ, ერთმანეთთან დასხდეთ და ეს განახორციელოთ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პარლამენტის წიაღში. საქართველოს მოსახლეობამ მანდატი მოგცა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მოგცა. სად გაგონილა იმის გაპროტესტება, რომ ვინაიდან მმართველი პარტიის რაოდენობის მანდატები არ მომეცი, ამიტომ ყველაფერი არალეგიტიმურია? ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასე არ უყურებს. ის ამბობს, შებრძანდით პარლამენტში, ჩვენს რეკომენდაციებზე იმუშავეთ და ერთად ყოფნაში ხელს შეგიწყობთ, საპარლამენტო დიალოგის დროს შენიშვნების გამოსწორებაშიც დაგეხმარებითო. წერია, რომ ეს სამუშაო პარლამენტს აქვს ჩასატარებელი. ე.ი. გასაგებია, მთელი ეს პროცესი, დიალოგი სად უნდა გაიმართოს. სხვა ადგილს არ ამბობს. არ ამბობს, ქუჩაში მოილაპარაკეთ ან სხვა ადგილზე შეიკრიბეთ და იქ მოილაპარაკეთო. ეს საქმე პარლამენტის გასაკეთებელიაო და ახლად არჩეულ პარლამენტზე საუბრობს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.