საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი ზურაბაშვილი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო,
ზურაბაშვილი 2019 – 2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო,
ხოლო 2014 – 2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
2013 – 2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012 – 2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი “საქართველო”-ს აღმასრულებელი დირექტორი;
2005 – 2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი;
2002 – 2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
1996 – 2002 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.